სიახლეები



სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "აგრესიული ომის" დეფინიცია იცვლება

          სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "აგრესიული ომის" დეფინიცია იცვლება და კონკრეტდება. "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ტერმინი "აგრესიული ომი" იცვლება "აგრესიის აქტით".

         თავის მხრივ "აგრესიის აქტი" განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგება.

         რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცვლილებების თანახმად, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისთვის დაეკისრება, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბებით გაეროს წესდების დარღვევას წარმოადგენს.

         ამასთან, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სსკ-ში კონკრეტდება, რომ აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის, დაწყება-წარმოებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა გააჩნია.

      "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. როგორც იუტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პარლამენტში წარდგენილი პროექტი თავის მხრივ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.