პუბლიკაციები



საგადასახადო დავების განხილვა

         საგადასახადო დავების განხილვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით. საგადასახადო დავების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ პირის შემოსავლების დაბეგვრა, გადასახადების დაწესება გავლენას ახდენს, პირის საქმიანობაზე. სახელმწიფოს მიერ ხდება პირის საქმიანობაში ჩარევა  მისი არსებობის მთელ პერიოდზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩარევა ხორციელდებოდეს კანონმდებლობის დაცვით.

         საქართველოში არსებობს საგადასახადო დავის განხილვის რამდენიმე ეტაპი:

         პირველი ეტაპი  მოიცავს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე და გადასახადებისა და სანქციების დარიცხვამდე, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვას.

         გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტში (ქ.თბილისი, გულუას ქ. №4 და ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5) წერილობით წარადგინოს პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით.

        გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს აქტის პროექტის განხილვის შედეგებზე შედგენილი ოქმის საფუძველზე აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი პოზიცია წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (ქ.თბილისი, 0114, ვ. გორგასლის ქ.№16).

        საბჭოში შემოსულ გადამხდელის პოზიციას/საჩივარს დავების დეპარტამენტის (მედიაციის საბჭოს აპარატი) თანამშრომელი თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

        აუდიტის დეპარტამენტი გადამხდელის პოზიციის/საჩივრის და თანდართული მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს გადამხდელის პოზიციაზე/საჩივარზე აუდიტორის დასკვნის მომზადებას და დავების დეპარტამენტისათვის სათანადო მტკიცებულებებთან ერთად მიწოდებას. ამავე წესითა და ვადაში უზრუნველყოფენ საბჭოს შესაბამისი წევრები ან/და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები გადასახადის გადამხდელის საჩივარზე დასკვნისა და სათანადო მტკიცებულებების დავების დეპარტამენტისათვის მიწოდებას.

        მეორე ეტაპი - საგადასახადო მოთხოვნის და დარიცხვის შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ადმინისტრაციული აქტის გასაჩვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. საგადასახადო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

        საგადასახადო დავის დაწყების საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, აგრეთვე საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, ასევე  ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია  ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში.  საჩივრის განხილვის შეჩერება შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

         საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით ან მომჩივნის დაუსწრებლად თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

         გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

         დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/უფლებამოსილ წარმომადგენელს.გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში  გაასაჩივროს სასამართლოში. საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად.

        მესამე ეტაპი საგადასახადო მოთხოვნის და დარიცხვის შესახებ ბრძანების გასაჩივრება საერთო სასამართლოებში - საქალაქო (რაიონული ) სასმართლო, საპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო.

        საგადასახადო დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს და მისი განხილვა საერთო სასამართლოებში ხორციელდება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში  გაასაჩივროს სასამართლოში. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისგან განსხვავებით სასამართლოში აქტის გასაჩივრებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

        საგადასახადო ორგანოს აქტის გასაჩივრება სასამართლოში ხორციელდება მოპასუხის ადგილის მიხედვით საქალაქო სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანის გზით. სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგარძელდეს არა უმეტეს 2 თვისა.

        სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

        საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,  პროცესის მონაწილე მხარის მიერ მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შესაძლებელია გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრება შესაძლებელია მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც წარმოადგენს მართლმსაჯულების საბოლოო ინსტანციას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება.

        დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის გასაჩივრება საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ გადამხდელს განხილვის მომენტში არ აქვს დარიცხული გადასახადი და შესაბამისად გასაჩივრების პერიოდში მის მიმართ არ გამოიყენება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვას, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მის მიერ დასმულ საკითხებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული პროცესის ზოგადი პრინციპისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

        საგადასახადო დავების განხილვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას.

        საერთო სასამართლოების 2017 წლის 4 თვის ძირითადი სტატისტიკური მონაცემების თანახმად შემოვიდა 343 საკასაციო საჩივარი და აქედან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საგადასახადო დავებზე განხილული საკაციო საჩივარი იყო 25. სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, რომ საგადასახადო დავების რაოდენობა არც თუ ისე დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და განმარტებები საგადასახადო დავებთან დაკავშირებით.  პრაქტიკაში სასამართლოს გადაწყვეტილება ატარებს პრეცედენტულ ხასიათს, რიგ შემთხვევებში, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები სწორედ ამ გადაწყვეტილებებით დანერგილი პრონციპებისა და მიდგომების გათვალისწინებით ხდება.

 

       დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ იურიდიული კომპანია "სამართლის სახლი“. 

 

 

 

 

გამოყენებული მასალა:

 

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი

 

  1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

 

  1. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №766ბ 2012 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

 

  1. http://ewmi-prolog.org/images/files/9145Effective_Tax_dispute_resolution_GEO_GSMEA.pdf

 

  1. http://www.supremecourt.ge/statistics/