ვიზალიბერალიზაცია

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთას არ ნიშნავს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღის მანძილზე შეეძლებათ. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი 90 დღე, ისე მრავალჯერადი - ჯამურად 90 დღე. ვიზიტის ხანგრძლივობა ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში მოგზაურობისას, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მთელი დროის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ კი პირი რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობს).

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.

უვიზო მიმოსვლის პირობებში, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით:

·         ტურისტული მოგზაურობა;

·         ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;

·         საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;

·         საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;

·         მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;

·         სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.

გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია საქართველოს მოქალაქემ თან იქონიოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მგზავრობის მიზანს.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაასაბუთოს მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს მოსთხოვოს შემდეგი საბუთები:

·         ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნებისას არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები

·         დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

·         სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;

·         სამოგზაურო დაზღვევა;

·         მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თავის მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

რაც შეეხება ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხას, იგი ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით კონკრეტულად განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუ კი:

·         ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;

·         საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;

·         ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

·         არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;

·         აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა).

 

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

·         შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში);

·         ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი;

·         ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება  შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.

 

დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ შპს „იურიდიული კომპანია სამართლის სახლი“. საკონტაქტო ინფორმაცია:

 სამართლის სახლი / House of Law საქართველო, თბილისი 0160 ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

Facebook:https://www.facebook.com/hol.com.ge/

 

 

გამოყენებული მასალა:

1.      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გზამკვლევი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

2.      ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი 2017

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge