ფასები ეროვნულ ვალუტაში

 პირველი ივლისიდან, მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულო გახდა. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს.

მთავრობის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანი, რეკლამირებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდაა, რაც, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ლარიზაცია, ანუ იგივე დე-დოლარიზაცია, გვიჩვენებს ქვეყანაში ლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში. მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებასა და მისი ზეგავლენის ეკონომიკაზე გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში არსებული ლარიზაციის დონე.

ეს წესი სავალდებულოა ყველა მეწარმე სუბიექტისთვის ანუ, ყველა იურიდიული პირისთვის (შპს, სააქციო საზოგადოება, ა.შ.) და ინდ. მეწარმეებისთვის და არ ვრცელდება არა-ინდმეწარმე ფიზიკურ პირებზე.

ხელშეკრულების გაფორმებისას, დოლარით ან სხვა უცხოური ვალუტით ინდექსირება აკრძალული არ არის და კვლავ დასაშვებია. ეს ცვლილებები ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.

უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობისას, უცხოური ვალუტების (დოლარი, ევრო, ა.შ.) გამოყენება დასაშვებია. ოღონდ, ასეთ დროს, სარეკლამო შეტყობინება არ უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით განსაზღვრულია ის 13 გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც ამ რეგულაციით არის განსაზღვრული:

1.      ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს ან ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან;

2.      ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;

3.      თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან;

4.      როუმინგის მომსახურებასთან;

5.      უცხოეთში გადაზიდვების მომსახურებასთან;

6.      ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან;

7.      ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან;

8.      არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან;

9.      ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებული პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან;

10.  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან;

11.  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან;

12.  უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან;

13.  მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალტთან, მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან;

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად:, „მუხლი 1537. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“

 ეს სანქცია დაეკისრება არა რეკლამის გამშვებს (მაგალითად, ტელევიზიას), არამედ — რეკლამის განთავსების დამკვეთს. შესაბამისად, მედია-საშუალება, ვებსაიტი ან, თუნდაც, აბრის დამამზადებელი კომპანია, არ იქნება ვალდებული, აკონტროლოს, რამდენად კანონთან შესაბამისობაში იქცევა მისი დამკვეთი.

ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლი 70-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

 

დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ შპს „იურიდიული კომპანია სამართლის სახლი“. საკონტაქტო ინფორმაცია:

 სამართლის სახლი / House of Law საქართველო, თბილისი 0160 ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

Facebook:https://www.facebook.com/hol.com.ge/

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge