ტურისტული ხელშეკრულება

ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია, რომელიც ხასითდება მაღალი ეკონომიკური ეფექტურობითა და მდგრადი განვითარებით. ტურიზმის ინდუსტრიის რაციონალური ორგანიზაცია ქმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ხელს უწყობს ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ფულადი მასის გადინებას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით. ამავდროულად, ეკონომიკის დარგია, რომლის მიზანია კულტურისა და განათლების განვითარება, დასვენებისა და ურთიერთობის ორგანიზება და ადამიანის ენერგიის აღდგენა-განახლება.

ტურისტული  კომპანიები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ცდილობენ შეიმუშაონ საკუთარი პირობები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. როდესაც ტურისტული კომპანია არღვევს შეთანხმებულ პირობებს, ტურისტი სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული კანონმდებლობაში არსებულ იმ ნორმებზე, რომლებიც იცავს მის ინტერესებს.

ტურისტი ეს არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროდან.

ტურიზმის ხელშეკრულებით, მოგზაურობის მომწყობი კისრულობს ვალდებულებას, გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ტურისტული მომსახურების პაკეტი ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.     მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთავაზება, პირობები არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტურისტული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე ტურისტს წერილობით, ან მისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით, დაწვრილებით მიაწოდოს ინფორმაცია:  მომსახურების ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ; დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ; განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციის, გადაადგილების მარშრუტის და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ; კვების შესახებ; პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ; ვიზიტების, ექსკურსიების და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში; - იმ შემთხვევისათვის, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობის შეგროვება და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების შესახებ.

ხოლო მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია: შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ; მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;  არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ;  ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.

მოგზაურობის დაწყებამდე, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის ჩართვაც. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.

რაც შეეხება ტურისტული პაკეტის გადასინჯვის საკითხს, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია. ასეთ შემთხვევაში, მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით; ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა; ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.

გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.

თუ მოგზაურობისას წარმოქმნილი ხარვეზის გამო ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოგზაურობის დაწყების შემდეგ, მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია უკან მიიყვანოს ტურისტი, თუკი უკან მოყვანა გათვალისწინებული იყო შეწყვეტილი ხელშეკრულებით.

ტურისტმა  უფლებების დარღვევის შემთხვევაში,  უნდა მიმართოს ტურისტულ კომპანიებს, ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებით და დაიცვას თავისი ინტერესები. ტურისტს უფლება აქვს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 თვეა, იმ მომენტიდან როცა ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო.

საქართველოში ტურისტული სფეროს საკანონმდებლო დონეზე რეგულირება ჯერ კიდევ არასრულყოფილია და გარკვეულ ცვლილებებსა თუ დამატებებს საჭიროებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხარვეზად, შესაძლებელია, ჩაითვალოს ხელშეკრულების დადების ფორმის საკითხის პირდაპირ განუსაზღვრელობა. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ტურისტული ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულებას. ზეპირი ხელშეკრულების დადების პირობებში კი არსებობს გაცილებით მაღალი რისკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, როდესაც არ არსებობს არანაირი წერილობითი დოკუმენტი, სირთულე მდგომარეობს, ზოგადად, ტურისტული ხელშეკრულების ან მისი არსებითი პირობების მტკიცების ტვირთში. საქართველოსაგან განსხვავებით, ამ საკითხთან მიმართებით გერმანიის სამოქალაქო კოდექსი იმპერატიულია და განსაზღვრავს, რომ მოგზაურობის ორგანიზატორმა ხელშეკრულების დადებისთანავე ან დაუყოვნებლივ ხელშეკრულების დადების შემდეგ ტურისტს უნდა გადასცეს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტურისტული მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი). (BGB § 651a (3)). აგრეთვე, რუსეთის ფედერაციაში „ტურისტული საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის თანახმად, ტურისტული ხელშეკრულება დადებულ უნდა იქნას წერილობითი ფორმით.

ტურისტული ხელშეკრულების წერილობით დადება ემსახურება, სამომავლო საფრთხეების თავიდან აცილებას და მხარეთა ინტერესების უკეთ დაცვას. ტურისტი, როგორც მომხმარებელი, არის სამართლებრივად სუსტი მხარე და საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ უნდა ადგენდეს ტურისტული ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულებას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კანონმდებლობა ტურისტული კომპანიებისა და ამ კომპანიაში მომუშავე პირების პროფესიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბუნდოვანი და არასრულყოფილია. ამ მიმართულებით არსებობს ძალიან მწირი სასამართლო პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო ართულებს ტურისტული სფეროს სამართლებრივად სწორხაზოვან რეგულირებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი შეიძლება იყოს ტურისტული საწარმო, რომელიც მოვალეა გაუწიოს ტურისტს შეთანხმებული მომსახურება. თუმცა სტანდარტებზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს საწარმო, საუბარი არ არის.

ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზიანია აგრეთვე, ტურისტულ ხელშეკრულებაში დაზღვევის საკითხი, კერძოდ, სსკ-ს მე-11 თავში არანაირი ინფორმაცია არ არის დაზღვევის პაკეტთან დაკავშირებით. ტურიზმისა და კურორტების შესახებ“  კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ტურისტს აზღვევს ტურისტული საქმიანობის სუბიექტი სადაზღვე კომპანიასთან დადებული კონტრაქტითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ეს ნორმა არასაკმარისია და საჭიროა ამ საკითხის შევსება საკანონმდებლო დონეზე, რათა ზუსტად იქნეს გათვალისწინებული დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალები.

კიდევ ერთი საკითხი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ძალიან ზოგადად არის საუბარი ტურისტის(მოგზაურის) უფლება-მოვალეობებზე. ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა ნების ავტონომიის გამოვლინებაა, თანაბრად უნდა იცავდეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესებს. გამომდინარე აქედან, ტურისტსაც უნდა დაეკისროს გარკვეული ვალდებულებები, მაგალითად, სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და სხვა.

ტურიზმი მთავარი ეკონომიკური აქტივობაა, რომელიც ფართო გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და ევროპაში დასაქმებაზე. ევროპული სამართლის განვითარებაში  მნიშვნელოვანია ევროპის სასამართლოს მიერ გაწეული როლი. ეს როლი იმპლემენტირებულია ევროკავშირის კანონმდებლობაში, რომელიც გავლენას ახდენს  ეროვნულ სასამართლოებზე.

ლისაბონის ხელშეკრულების 195- მუხლის თანახმად, ევროკავშირი ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოთა შორის კონკურენტუნარიონობას ტურიზმის სფეროში, ამ მუხლის მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც დაეხმარება ამ სფეროს განვითარებას.

ბ) წაახალისოს წევრ სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობა, განსაკუთრებით კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით.

ევროპარლამენტი და საბჭო, რომელიც მოქმედებს ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად, განსაზღვრავენ კონკრეტულ ზომებს, რომლებიც უნდა შეასრულონ წევრმა  სახელმწიფოება, რათა მიაღწიონ ამ მუხლით დადგენილ მიზნებს, გარდა იმ ქმედებებისა, რომლებიც გამორიცხავენ  წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და წესების ჰარმონიზაციას.

ტურიზმი პრინციპულად განიხილება, როგორც წევრი სახელმწიფოების კომპეტენცია და არა ევროკავშირის. თუმცა, ევროკავშირს აქვს უფლებამოსილება, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას,  პრინციპულად ერთობლივი პროექტების დასაფინანსების გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სპეციფიკური კომპეტენცია ტურიზმის შესახებ შედარებით შეზღუდულია, ევროკავშირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს  ტურისტულ სამართალზე, მისი ფუნქციის - მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეშვეობით.

კონკრეტულად ტურიზმის პოლიტიკისთვის ევროკავშირს შეუძლია აწარმოოს მხოლოდ "რბილი სამართალი" (სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, სამოქმედო გეგმები), ხოლო ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში აწარმოებს ე.წ «რთულ კანონებს»: ესენია წესები და დირექტივები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებებს ეხება. ევროპულმა სასამართლომ ასევე ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამ სფეროში ევროპული სამართლის განსაზღვრაში და  ევროკავშირში კანონმდებლობის ინტერპრეტაციაში.

1990 წლის სამგზავრო პაკეტის  დირექტივა შეცვალა 2015 წლის 25 ნოემბერს მიღებულმა ახალმა დირექტივამ (2015/2302 / EU),  რომელიც შეესაბამება ტურისტულ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს. ახალი დირექტივა ამოქმედდა 2015 წლის 31 დეკემბერს. წევრმა ქვეყნებმა 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა მოახდინონ ცვლილება , რომელიც ძალაში შევა  2018 წლის 1 ივლისიდან. კომისია მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს ამ პროცესში, კონკრეტულად, ბრიუსელში გამართული სემინარების მეშვეობით.  

დირექტივის ფარგლებში გაგრძელდება 1990-იანი პაკეტის სამგზავრო დირექტივის დაცვა, გარდა ტურ ოპერატორთა მიერ ორგანიზებული ტრადიციული სადღესასწაულო პაკეტებისა და უზრუნველყოფს  120 მლნ მომხმარებელის დაცვას , რომლებმაც დაჯავშნეს კომბინირებული მოგზაურობის სხვადასხვა  ფორმები.  მაგალითად, ერთად  განთავსდება საიტზე  ფრენის, სასტუმროს და ამასთანავე მანქანის გაქირავების კომბინაცია.  ასეთი კომბინაციები დაცული იქნება როგორც პაკეტი და იმოქმედებს  დადგენილი ფასი, ასევე დაცული იქნება მომხმარებლის მიერ თანხის  წინასწარი გადახდები.

ტურიზმი ხელმისაწვდომობა მოიცავს სოციალურ უფლებას, რომელიც ეხება ევროპის ყველა მოქალაქეს. ხელმისაწვდომობა საჭიროა არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, არამედ ბავშვებისათვის, დროებითი ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის ქმედუუნარობა.  ეს რიცხვი პერიოდულად იზრდება, რაც განპირობებულია დემოგრაფიული ცვლილებებით.

ტურიზმი შეძლებისდაგვარად ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად ვებ გვერდები და კომპანიები თავიანთ მომსახურებას უნდა  სთავაზობდნენ ვიზუალური დარღვევების მქონე ადამიანებსაც, ასევე ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს კერძო თუ საჯარო სატრანსპორტო საშუალებები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ტურისტულ, დასვენების, სპორტულ და სხვა საქმიანობებში სახლიდან დაშორებით ირღვევა, ამიტომ აუცილებელია გაძლიერდეს რიგ სფეროებში კანონმდებლობა და რეგულაციები საერთაშორისო, ევროპულ და ეროვნულ დონეზე.

ევროკავშირის კომპეტენციის ფარგლებში აუცილებელია, რომ ტურიზმი გახდეს კონკურენტუნარიანი, მდგრადი, თანამედროვე და საიმედო ინდუსტრია. ევროკომისია ითვალისწინებს კონკრეტული ქმედებების გაწევას, რაც გახდის ტურისტულ სექტორს ადაპტირებულს და განვითარებულს.

დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია ტურისტულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ იგი მაინც მოითხოვს დახვეწას, რაც უპირველესად შეეხება, ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებასა და ხელშეკრულებაში დაზღვევის მუხლის გათვალისწინებას. ეს საკითხები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გაუთვალისწინებელი პირობების დადგომის შემთხვევაში, პირებმა შეძლონ დავის გარეშე საკითხის გადაწყვეტა, ან დავის არსებობის შემთხვევაში, ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, თვითონ ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევროკავშირის დირექტივებთან ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის დაახლოვება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ამ ბიზნესის კუთხით ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისათვის და საქართველოთი, როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნით, დაინტერესებისათვის.

 დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ შპს „იურიდიული კომპანია სამართლის სახლი“. საკონტაქტო ინფორმაცია:

 სამართლის სახლი / House of Law საქართველო, თბილისი 0160 ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

Facebook:https://www.facebook.com/hol.com.ge/

 

 

გამოყენებული მასალა:

1.     საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

2.     საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ

3.     ”ტურისტული მომსახურების სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება“- შორენა გაბიჩვაძე. (მართლმსაჯულება და კანონი N2(37))

4.     EC - Guide EU funding for tourism - 2016 April ver 3 3 – EN

5.     http://ec.europa.eu/consumers/consumer_rights/travel/package/index_en.htm

6.     Rights of Tourists with Disabilities in the European Union Framework December 2007

7.     http://ec.europa.eu/eurostat/about/policies/copyright

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge