დაუძლეველი ძალა

 

ადამიანები ყოველდღიურად დებენ გარიგებებს და ეს ურთიერთობები ძირითადად ხელშეკრულებით რეგულირდება. ნებისმიერი ფიზიკური პირის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობა, სილამაზის სალონებში, სამედიცინო კლინიკებში მომსახურების მიღება ან თუნდაც რაიმე სახის პროდუქტის შეძენა, თავისი არსით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. თუმცა ეს ყველაფერი ხდება ჩვენდა უნებურად და ზოგჯერ ფიზიკური პირების მხრიდან იმის გაუაზრებლად, რომ ისინი შედიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

ასევე ნებისმიერი იურიდიული პირის საქმიანობაში სახელშეკრულებო ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონკრეტული ბიზნეს პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად,  ბიზნეს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად  აუცილებელია ხელშეკრულების არსებითი პირობების სწორად განსაზღვრა და მხარეთა უფლებების მაქსიმალურად დაცვა არაკეთილსინდისიერი პარტნიორობისაგან.

ხშირად, წერილობითი ხელშეკრულების შინაარსის გაცნობისას, პირები, რომლებსაც იურიდიული განათლება არ გააჩნიათ, ხელშეკრულების ზოგიერთ ნაწილს არ მიიჩნევენ საჭიროდ და ზოგჯერ მათ „მკვდარ მუხლებსაც" კი უწოდებენ. აგრეთვე, თვლიან, რომ ეს მუხლები მხოლოდ იურისტების ახირების ნაყოფია. მათ შორის ერთ - ერთია „დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)".

ჩვენი სტატიის მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ დაუძლეველი ძალის პირობებზე შეთანხმება. ამისათვის გამოყენებული იქნება სასამართლო პრაქტიკა და მეცნიერი იურისტების მოსაზრებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა განმარტავს, რომ ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს. დაუძლეველი ძალის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას, თუ რამდენად შეუძლებელი იყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება.

დაუძლეველი ძალა - განსაკუთრებული და, მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოებაა. დაუძლეველი ძალისა და შემთხვევითობის ურთიერთმიმართება ასეთია: თუ შემთხვევითობა სუბიექტური გადაულახავობაა, დაუძლეველი ძალა ობიექტური გადაულახავობაა.

როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შტორმი, ზვავი და ა.შ.) და საზოგადოებრივი მოვლენები (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.). ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა. ამიტომაც, დაუძლეველი ძალის ცნებას განსაზღვრული ფარდობითობა (პირობითობა) ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულებისას სხვადასხვა პირობების არსებობა უთუოდ გავლენას მოახდენს დაუძლეველი ძალის გამოყენებაზე. ერთი და იგივე გარემოება ერთ შემთხვევაში შეიძლება ასეთად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს განხილული.

მაგალითად, თუ გემი მოსალოდნელი შტორმის შესახებ გაფრთხილებისას ნაპირიდან საკმაოდ შორს, შუა ზღვაშია და ხომალდის მფლობელს სათანადო მანევრირების ჩასატარებლად საკმაო დრო არ გააჩნია, რათა თავი შეაფაროს უახლოეს პორტს, საქმე სწორედ დაუძლეველ ძალასთან გვექნება, მაგრამ თუ გემი მოსალოდნელი შტორმის შესახებ შეტყობინების მიღებისას ნაპირთან ახლოსაა და მისმა მფლობელმა დროულად არ მიიღო სათანადო ზომები გემის პორტში შესაყვანად, მაშინ შტორმი მისთვის დაუძლეველ ძალად არ ჩაითვლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ "ფორს-მაჟორი" ფრანგული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით დაუძლეველ/გადაულახავ ძალას ნიშნავს. სახელშეკრულებო ტერმინებში ის აღიარებულია, როგორც მოულოდნელი მოვლენა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა რჩება და ხელშეკრულების მოქმედებას ისე წყვეტს, რომ ხელშემკვრელ მხარეებს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან. მას შეუძლია დროებით შეაჩეროს ან გაახანგრძლივოს ვალდებულებების შესრულება.

საერთაშორისო პრაქტიკაში დაუძლეველი ძალა ძირითადად განიხილება, როგორც მხარეთა პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება თავიანთი მოვალეობების შეუსრულებლობისას.

საერთაშორისო კერძო სამართლის ფარგლებში დაუძლეველი ძალის განმარტება მოცემულია «საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ» 1980 წლის 11 აპრილის ვენის კონვენციის 79-ე მუხლში, სადაც მითითებულია: «მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეული იყო მის კონტროლს მიღმა მყოფი შემთხვევით და რომ მისგან შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას ამგვარის გონივრული მოლოდინი».

დაუძლეველი ძალის განსაზღვრის საერთო პრინციპს განეკუთვნება გარემოებათა ობიექტურობა და აბსოლუტურობა, ანუ უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ზიანის მიმყენებელს, არამედ იგი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. შესრულების შეუძლებლობა უნდა იყოს აბსოლუტური და არა მხოლოდ ვალდებული პირის შემაფერხებელი.

 საერთო ჯამში, ფორს-მაჟორი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

1. დაუძლეველი ძალა (მოკლე ვადიანი შემთხვევა)

2. იურიდიული ფორს-მაჟორი (განგრძობადი შემთხვევა)

ფორს-მაჟორად არ მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც თავისი არსით არის კომერციული რისკი, მაგ: სიძნელეები არახელსაყრელ კონიუნქტურასთან, ფასების ცვალებადობასთან და ა.შ. დაკავშირებით. ფორს-მაჟორული გარემოებები ათავისუფლებს კონტრაჰენტს მატერიალური პასუხისმგებლობისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების დაუცველობისას იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ აცნობებს პარტნიორს დაუძლეველი გარემოებების დადგომის შესახებ და განაახლებს ვალდებულებათა შესრულებას მათი ზემოქმედების შეწყვეტისთანავე.

იურიდიულ ფორს-მაჟორს განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებები (იმპორტ-ექსპორტის აკრძალვები, სავალუტო შეზღუდვები და სხვ.) გაფიცვები, ომები, რევოლუციები და მსგავსი შემთხვევები. იურიდიული ფორს-მაჟორის ცნებას არ გააჩნია ზუსტი განსაზღვრება. როგორც წესი, კონტრაჰენტები ხელშეკრულებაში განსაზღვრავენ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და მათი სამართლებრივი შედეგების პირობებს. (1ბს-809-783-(4კ-10) 21 დეკემბერი, 2010 წ., ქ. თბილისი; 1ბს-138-132-(4კ-10) 29 ივნისი, 2010 წ., ქ. თბილისი)

მოვლენა რომ ფორს-მაჟორად ჩაითვალოს, უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას:

1.გარე ფაქტორი - მოვლენა/შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს;

2.არაპროგნოზირებადობა - მოვლენა/შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი;

3.გადაულახავი - მოვლენა/შემთხვევა არის გარდაუვალი;

ისტორიულად მასში იგულისხმებოდა ბუნების ძალები ან სტიქიური უბედურების მოვლენები; ამასთან, ფორს-მაჟორის ცნება, შესაძლებელია, გაფართოვდეს და მოიცვას ისეთი სპეციფიკური შემთხვევები, როგორებიცაა: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი, გარეშე მტრის მოქმედებები, შეჭრა, საომარი მოქმედებები, სამოქალაქო ომი, აჯანყება, რევოლუცია, ამბოხება, საომარი ან ძალაუფლების უზურპაცია ან კონფისკაცია, ტერორისტული აქტები, ნაციონალიზაცია, ხელისუფლების სანქციები, ბლოკადა, ემბარგო, შრომითი კონფლიქტები, გაფიცვა, ლოკაუტი და სხვა.

მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, რომელიც ეყრდნობა ფორს-მაჟორს. მხარემ უნდა აჩვენოს, რომ წარმოშობილი მოვლენა ხვდება ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ქვეშ ან წარმოადგენს ფორს-მაჟორულ მოვლენას, რის გამოც მხარეს მთლიანად ან ნაწილობრივ ხელი შეეშალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ ხელშეკრულების მოქმედებაზე უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ფორს-მაჟორულმა გარემოებებმა და რომ ასეთი მოვლენა ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა  მხარის კონტროლს სცილდებოდა.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით პირობებზე, სანამ ფორს-მაჟორის პუნქტი იქნება გამოყენებული. ეს გულისხმობს შეტყობინების ვალდებულებას მის გამოყენებამდე, რათა მიეცეს მეორე მხარეს შესაძლებლობა, შეამსუბუქოს ან შეამციროს განჭვრეტადი დანაკარგები.

რაც შეეხება ქართულ საგადასახადო კანონმდებლობას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი ის იშვიათი ნორმაა, რომელიც ადგენს სამართალდარღვევის შემთხვევაში, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პირობებს, კერძოდ:

"პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა".

საერთაშორისო სამრეწველო პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი (ICC Force Majeure Clause 2003) არის მცდელობა, განმარტებულ იქნას ფორს-მაჟორი როგორც ასეთი, და ის მოვლენები, რომლებსაც ის შესაძლოა გულისხმობდეს.  აღნიშნული დოკუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ხელშემკვრელ მხარეთა ფართო წრის მიერ პირდაპირი სახით ხელშეკრულებაში ან მასზე მითითებით.

დოკუმენტის თანახმად ფორს-მაჟორულ გარემეობებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები როგორიცაა:

ა) გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, შეიარაღებული კონფლიქტი ან მსგავსი მუქარა (მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მტრული თავდასხმა, ბლოკადა, სამხედრო ემბარგო), საომარი მოქმედებები, შეჭრა, გარეშე მტრის მოქმედებები, ფართო სამხედრო მობილიზაცია;

ბ)სამოქალაქო ომი, ბუნტი ან რევოლუცია, სამხედრო ან უზურპირებული ხელისუფლება, აჯანყება, სამოქალაქო მღელვარება ან არეულობა, ბრბოს ძალადობა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი;

გ) ტერორისტული, დივერსიული ან მეკობრული მოქმედებები;

დ) ხელისუფლების მოქმედებები კანონიერი თუ უკანონო, დაცვა ნებისმიერი კანონისა თუ სახელისუფლებო ბრძანებისა, წესისა, ინსტრუქციებისა და დირექტივებისა, კომენდატის საათის შეზღუდვები, ექსპროპრიაცია, სავალდებულო შეძენა, სამუშაოების ჩამორთმევა, რეკვიზიცია, ნაციონალიზაცია;

ე)სტიქიური უბედურებები (act of God), ეპიდემია, სტიქიური უბედურებები (natural disaster), როგორიცაა, მაგრამ არ შემოიფარგლება ძლიერი ქარიშხალი, ციკლონი, ტაიფუნი, გრიგალი, ტორნადო, ქარბუქი, მიწისძვრა, ვულკანი, მეწყერი, მოქცევის ტალღა, ცუნამი, წყალდიდობა, ჭექაქუხილით გამოწვეული ნგრევა ან ზიანი, გვალვა;

ვ) აფეთქება, ხანძარი, განადგურება მანქანების, აჭღურვილობის, ქარხნების და ნებისმიერი სხვა დანადგარის/მოწყობილობის, გახანგრძლივებული სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო ან ელექტროდენის ავარია;

ზ)საყოველთაო შრომითი მღელვარებები, როგორცაა მაგრამ არ შემოიფარგლება ბოიკოტი, გაფიცვა და ლოკაუტი, მუშაობის ტემპის შენელება, დაკავება ქარხნებისა და შენობებისა (უძრავი ქონებისა);

გერმანული და ქართული კანონმდებლობის შედარებითი ანალიზისას, არსებითი განსხვავება დაუძლეველი ძალის, იგივე ფორს-მაჟორის ცნებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არ მოიძებნა. ნორმათა შინაარსი თითქმის იდენტურია. აღნიშნული მსგავსება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გერმანული სამართლის რეცეფციის შედეგად არის მიღებული.

რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, განმარტავს დაუძლეველ ძალას და აღნიშნავს, რომ
ფორს-მაჟორი ან უჩვეულო მდგომარეობა მხოლოდ მაშინ გვხვდება, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს მოვლენაზე გავლენა  არ აქვთ და ჩვეულებრივი ზრუნვის შემთხვევაშიც კი მომხდარს თავიდან ვერ აიცილებდნენ. (VG Hannover · Urteil vom 9. Mai 2008 · Az. 11 A 3024/06)

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში ფორს-მაჟორის პუნქტის არსებობის მიზანი და შედეგი არის ის, რომ რაც შეიძლება ზუსტად განისაზღვროს გარემოებები, რომლის დროსაც  ხელშემკვრელი მხარე თავისუფლდება სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან. მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეთანხმდნენ მისი გამოყენების სფეროზე და კონკრეტულ  შემთხვევებზე, რომელსაც ეს პუნქტი უნდა მოიცავდეს.

 

დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ შპს „იურიდიული კომპანია სამართლის სახლი“. საკონტაქტო ინფორმაცია:

 სამართლის სახლი / House of Law საქართველო, თბილისი 0160 ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

Facebook:https://www.facebook.com/hol.com.ge/

 

გამოყენებული მასალა:

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი

3. ვალდებულებითი სამართალი. [მზია თოდუა, ჰუუბ ვილემსი, ხათუნა ყვირალაშვილი ირაკლი სვანიძე, თამარ მეტრეველი]. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. - თბილისი, - 2006

4.გერმანიის სამოქალაქო კოდექსი;

5.იან კროპჰოლერი - გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (სასწავლო კომენტარი), თბილისი, 2014

6.VG Hannover · Urteil vom 9. Mai 2008 · Az. 11 A 3024/06);

7.ICC Force Majeure Clause 2003;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 1ბს-809-783-(4კ-10) 21 დეკემბერი, 2010 წ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 1ბს-138-132-(4კ-10) 29 ივნისი, 2010 წ.

10.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების  საქმეთა პალატა #ას-30- 367-09 23 ივლისი,     2009 წ.

 

 

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge