უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის საშუალებები

 

დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეთათვის საზღვრების დატოვება უფრო გამარტივდა, იმატა მათი უფლებების დარღვევის ფაქტებმა. შესაბამისად, საჭირო გახდა ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფდა ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვას და მათ წინაშე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ვალდებულებების აღებას. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და რეალიზაციის საშუალებების შესახებ.

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საკონსულო თანამდებობის პირი იცავს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

  •   საკონსულო მომსახურება
  •   საკონსულო დახმარება

საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

საკონსულო თანამდებობის პირის მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის კუთხით, საკონსულოს ძირითადი ფუნქციებიდან აღსანიშნავია შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) კონსულტაციის გაწევა;

ბ) სამართლებრივი დაცვა;

გ) შუამდგომლობა;

დ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აცემა;

ე) საკონსულო აღრიცხვის წარმოება;

საკონსულო ფუნქციებს მიეკუთვნება ასევე: საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები;

კონსულტაციის გაწევის ფარგლებში, საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, შრომითი საკითხების, მიგრაციისა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ასევე, ინფორმაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის თარჯიმნების, ქართული სკოლების, სათვისტომოებისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის თაობაზე, ასევე, აძლევს მათ რჩევებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ჩვეულებების, ტრადიციების, უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ.

სამართლებრივი დაცვა მოიცავს, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებულ ღონისძიებებს. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე, საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები. ამასთანავე, სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. ასევე, საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.

საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის #330 დადგენილება, განსაზღვრავს, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესს. ამ დადგენილების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, 2016 წლის პირველი მარტის შემდეგ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების საკითხს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქედ განიხილება, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი, ისე საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, მიმართავს, საზღვარგარეთ გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი, რომელშიც იგულისხმება: მეუღლე, შვილი, მშობელი, და ან ძმა. მიმართვის უფლება აქვს ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახის წევრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან დაინტერესებული პირი მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ასლი;

2. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესაბამისი ოჯახის წევრის ან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა, საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ზუსტი ოდენობის მითითებით;

4. ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს საბანკო რეკვიზიტები.

აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 100 000 ლარს.

 

 

ინფორმაცია:

საქართველოს მოქალაქეებს კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ლეგალურად იმყოფებიან უცხო ქვეყანაში თუ არალეგალურად. სურვილის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და მათი სამშობლოში დაბრუნება.

თუ საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყანაში, რომელშიც არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მიგრანტთა ასოციაციებს, სათვისტომოს წარმომადგენლობას და/ან პროფკავშირებს. ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო საათებში: +995 322 945 050

სამინისტროსთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: consulinfo@mfa.gov.ge.

ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ასევე დაუკავშირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე: +995 322 411 714 ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზს ნომერზე

+995 322 116 006

 

დამატებითი შეკითხვებისა და სამართლებრივი დახმარების საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაგიწევთ შპს „იურიდიული კომპანია სამართლის სახლი“. საკონტაქტო ინფორმაცია:

 

სამართლის სახლი / House of Law საქართველო, თბილისი 0160 ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

 

Facebook:https://www.facebook.com/hol.com.ge/

 

 

გამოყენებული მასალები:

  1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის დადგენილება №330;
  2. საქართველოს კანონი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“;
  3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №241;
  4. საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“;
  5. საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“.
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge