პროკურატურის რეფორმა

 

პატივცემულო საზოგადოებავ!

 

    რამდენიმე დღეა ქართული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ევროპის საბჭოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სტრუქტურამ (ე.წ. ვენეციის კომისიამ) დაიწუნა საქართელოს მთავრობის მიერ მომზადებული კონცეფცია და კანონპროექტი საქართველოს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით. 

     ვითვალისწინებთ რა აღნიშნული საკითხის უაღრესად დიდ მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოსათვის, „იურიდიული მომსახურების კომპანია სამართლის სახლი“ გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს პროკურატურის რეფორმის უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესში და ხალხის სამსჯავროზე გამოაქვს ალტერნატიული კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ განმარტებითი ბარათითურთ. თქვენს მიერ გამოთქმული ყველა შენიშვნა ჩვენს მიერ იქნება განხილული და მათ მიეცემა შესაბამისი შეფასება.

 

კანონპროექტი გადაეგზავნა შემდეგ პირებს:

1)      საქართველოს პრეზიდენტი;

2)      საქართველოს პრემიერ მინისტრი;

3)      საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე;

4)      საქართელოს უზენაესი სასამართლო;

5)      საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

6)      საქართველოს მთავარი პროკურატურა;

7)      დეპუტატებს:  შალვა შავგულიძეს, ვახტანგ ხმალაძეს, ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს, ზაქარია ქუცნაშვილს, პავლე კუბლაშვილს, ზურაბ აბაშიძეს.

8)      ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

9)  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;

 

 

 

გთხოვთ მოგვმართოთ შედეგ მისამართზე

 

 

„იურიდიული მომსახურების კომპანია სამართლის სახლი“

საქართელო, თბილისი, 0160

ს. ცინცაძის ქ. №26

ტელ: +(995 032) 2 19 09 90

ელ-ფოსტა: info@hol.ge

პროექტის კოორდინატორი:

ელენე ტოგონიძე +(995) 5 98 177137

 

განმარტებითი ბარათი

 

            კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ შესრულებულია ამ სფეროში ქართული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის საფუძველზე და მასში ასახულია მთელი რიგი სიახლეები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით არის აპრობირებული თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში.

            საქართველოს დღეს მოქმედი კანონი „პროკურატურის შესახებ“ მთელ რიგ საკითხებში ვეღარ პასუხობს მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს და საჭიროებს მთელი რიგი პრინციპული საკითხების გადახედვას. კერძოდ, პროკურატურის სამართლებრივი სტატუსი, პროკურატურის უფლებამოსილებანი და ის რეალობები, რომლებიც დააყენა ცხოვრებამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

            ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ წრეებს გააჩნიათ ძალზე ბევრი კითხვა ბოლო პერიოდში საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პროკურატურის ორგანოები პრაქტიკულად გადაიქცა  მმართველი პოლიტიკური ნების გამტარებლად. სამწუხაროდ, პროკურატურამ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევების მძმე ფაქტებს და იგი ასრულებდა აბსოლუტურად მისთვის მიუღებელ ფუნქციებს: ჩარევა ეკონომიკაში, საბიუჯეტო სფეროში, საამშენებლო ბიზნესში და სამწუხროდ კერძო საკუთრების ობიექტების ძალმომრეობითი გზით გადანაწილებებში.

წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს ცდას, რათა მაქსიმალურად იქნას აღკვეთილი პროკურატურის ორგანოების პოლიტიზაციის მანკიერი პრაქტიკა და პროკურატურა დაუკავშირდეს მხოლოდ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული კანონპროექტით გაკეთებულია ცდა, პროკურატურა დამსჯელი სახელმწიფო სტრუქტურიდან ჩამოყალიბდეს როგორც უფლებადამცველ სახელმწიფო სტრუქტურა.

პროკურატურას უძლიერდება ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სასჯელთაღსრულების დაწესებულებების საქმიანობიდან საპროკურორო ზედამხედველობის გამოდევნამ, მოიტანა უმძიმესი შედეგები და ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კვლავ რჩება უნივერსალურ უფლებად, მაგრამ საპროკურორო უფლებამოსილებანი, რომლებიც უფრო ეფექტურს და უფრო კანონიერს გახდის განაჩენის აღსრულების პროცესს, ვფიქრობთ, გაცილებით მართებულია. მსოლფიოს ძალზე ბევრი ქვეყანა ვერ ბედავს თავისუფლების აღკვეთის ადგილებს ჩამოაშროს საპროკურორო ზედამხედველობა. ეს ზედამხედველობა ეხება მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვას და კანონის მოთხოვნათა შესრულებას. მას არაფერი არ აქვს საერთო სასჯელთაღსრულების საქმიანობის სამეურნეო თუ საკადრო საქმიანობასთან. მართალია, გარკვეულწილად, დღეს მოქმედი კანონი „პროკურატურის შესახებ“ თითქოს აძლევდა პროკურორს რეაგირების შესაძლებლობას დაკავების თუ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განეხორციელებინა ზედამხედველობა კანონის შესრულებაზე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს სფერო პროკურატურის საქმიანობაში პრაქტიკულად არ სრულდებოდა. რა თქმა უნდა, სასჯელთაღსრულების დაწესებულებათა სისტემა რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაქსიმალური გამჭვირვალობა ამ უწყებათა საქმიანობაში. პროკურატურის რეზერვები ამ მიმართულებით განუსაზღვრელია. მას უძლიერდება უფლებამოსილებანი, რათა ნებისმიერ დროს ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდეს სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი სიგნალის ან გეგმიური შემოწმების ფარგლებში და შეამოწმოს არსებული მდგომარეობა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება პროკურორის უფლებამოსილებანი პოლიციის სამიქნობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული იძულების ღონისძიებების გამოყენება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ეს სფერო ყოველგვარი საპროკურორო რეაგირების გარეშე იყო, რამაც უმძიმესი შედეგები მოიტანა. 

 ამავე დროს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა დამოუკიდებელ სასამართლოზე, შემოთავაზებულია მთელი რიგი დამატებითი გარანტიები, რომლებიც ავტორთა აზრით, აუცილებლად შეუწყობენ ხელს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას, პროკურატურის ჰარმონიულ თანამშრომლობას საერთო იურისდიქციის სასამართლოებთან.

            იცვლება საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი სტატუსი. იგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებიდან გადაკეთდება საჯარო დაწესებულებად. საქართველოს პროკურატურა კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, მაგრამ ეს დამორჩილება არის მხოლოდ საერთო ხელმძღვანელობის ფორმატში და არ ეხება პროკურატურის მიერ განხორციელებულ საპროცესო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და სხვა უფლებამოსილებების განხორციელების.

კანონპროექტით, საქართველოს პროკურატურას სათავეში უდგას გენერალური პროკურორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე. ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს პროკურატურა უკვე არის საჯარო დაწესებულება, საკანონმდებლო ორგანოს სრული უფლებამოსილება გააჩნია დააწესოს კანონისმიერი დანიშვნის განსხვავებული წესი.

აღდგა უსამართლოდ იგნორირებული ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია პროკურატურის ორგანიზაციის საკითხებში. თუ დღეს აფხაზეთისა და აჭარის პროკურორები ინიშნებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ახალი კანონპროექტით ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის წარდგენის უფლება აქვს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. ვფიქრობთ, აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაცია გამოწვეულია აუცილებლობით და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო.

გადაიხედა პროკურორის მონაწილეობის საკითხი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. პროკურორის კომპეტენცია სამოქალაქო სამართალწარმოებაში  დაკავშირებულია მხოლოდ ერთ საკითხთან - უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან. არსებული საკანონმდებლო პრაქტიკა დღეს არსებობს და ამას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობაც.

            გარდა ამისა, გაკეთებულია მნიშვნელოვანი ცდები, რათა ეფექტური გახდეს პროკურატურის საქმიანობა სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და შემოთავაზებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სპეციალური რეაბილიტაციის საკითხთა დეპარტამენტის შექმნის იდეა, რომელმაც უნდა განიხილოს დღეს უკვე კანონიერ ძალაშ შესული განაჩენები და სხვა გადაწყვეტილებანი, რომელთა გარშემო არსებობს უამრავი საჩივარი. ეს მიმართულება საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად გვესახება და შესაბამისად საქართველოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ შესაძლებელი გახდება, ამ ხანგრძლივი და ძალზე შრომატევადი პროცესის დაწყება.

            ურთიერთობა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის არის ზოგადი პოლიტიკური და მას კონკრეტული სამართლებრივი გარანტიები უდევს საფუძვლად.

ამავე დროს, ძლიერდება სასამართლო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე, შენარჩუნებული იქნება საპრეზიდენტო კონტროლი, საპარლამენტო კონტროლი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან შესაბამისი მაკონტროლებელი უფლებამოსილებები და ა.შ.

            წარმოადგენილი კანონპროექტი არ გადის საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან. იგი მაქსიმალურად ითვალისწინებს იურიდიული მეცნიერების და შედარებითი სამართალმცოდნეობის მონაცემების გამოყენებას. წარმოდგენილი კანონპროექტით შეივსო და დაზუსტდა „პროკურატურის შესახებ“ მოქმედი კანონის მთელი რიგი დებულებები და იგი არ წარმოადგენს პროკურატურის ორგანოების კონცეპტუალური დებულებების ცვლილებას. ალბათ, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება საქართველოს პროკურატურის შესახებ სრულიად ახალი ხედვა, რომლის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრეები.

             კანონპროექტი არ არის დაკავშირებული დამატებითი ასიგნებების გამოყოფასთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულება, რომლის ორგანიზაცია და საქმიანობა განისაზღვრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც არ ერევა პროკურატურის მიერ განხორციელებულ იმ უფლებამოსილებებში, რომლებიც შედის საქართველოს გენერალური პროკურორის და მას დაქვემდებარებულ პროკურატურის მუშაკთა უფლებამოსილებებში. 

3.       აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.

4. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა.

 

მუხლი 2. პროკურატურის ამოცანები

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:

ა)    ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად  წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას;

ე)         ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღსრულებისას;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობას ღებულობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ)  კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

თ) სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართავს და მონაწილეობას ღებულობს სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემის საქმეებზე. 

 

            2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 3. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. აკრძალულია პროკურატურის მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში, საარჩევნო პროცესსა და სხვა პოლიტიკური სახიათის ღონისძიებებში.

 

მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა.

 

მუხლი 5. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები

პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

 

თავი II

პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია

 

მუხლი 6. პროკურატურის ორგანოები

 1. საქართველოს პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული (საქალაქო) პროკურატურები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურები. 

2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.

 

მუხლი 7. საქართველოს გენერალური პროკურორი

1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. გენერალური პროკურორის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია ამ კანონის 33-ე მუხლით.

2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა რაოდენობას განსაზღვრავს გენეალური პროკურორი. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნისთანავე.

3. გენერალურ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მოადგილეები, საგანგებო დავალებათა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. გენერალურ პროკურატურაში არისებობს საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამსახურებრივად ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. საგამოძიებო ნაწილს ჰყავს უფროსი და მისი მოადგილეები, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლები.

4. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, აგრეთვე ყველა ქვემდგომ პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5. გენერალური პროკურორი:

ა) კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას;

ბ) პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

გ) ამ კანონით დადგენილ წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურებს, ადგენს მათ სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

დ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;

) ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრებს;

) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს   სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, მოსამართლის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების მიერ  დანაშაულის ჩადენისას; 

) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებასა და პრაქტიკაში დანერგვას;

) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.

) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ პროკურატურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებას; 

 ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს;

) წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობებში;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს; 

) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, აგრეთვე ინსტრუქციებსა და მითითებებს; 

) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის მუშაობას;

) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მითითებებს და სხვა გადაწყვეტილებებს;

) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს, იღებს მოქალაქეებს;

) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; 

) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; 

) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს.

ღ)    უშუალოდ ხელმძღვანელობს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და რეაბილიტაციის საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს მოქალაქეთა საჩივრები 2004-2012 წლებში განხორციელებულ უკანონო დაპატიმრებების, მსჯავრდების, საპროცესო შეთანხმებების,  საკუთრების უფლების   დანაშაულებრივი ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.

7. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

8. გენერალური პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი, კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, განსჯადობის მიხედვით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს პრემიერ-მინისრტთან და სასამართლოში.

 

მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგია

1. საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოა გენერალური პროკურატურის კოლეგია.

2. გენერალური პროკურატურის კოლეგიას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

3. გენერალური პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 

4. გენერალური პროკურატურის კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებს და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.  

            5. გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.

 

 მუხლი 9.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

პროკურატურები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.

2.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს შესაბამსად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, უფროსი თანაშემწე და თანაშემწეები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მოადგილეებს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების პროკურორებს, პროკურორ-კრიმინალისტებს, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური პროკურორი.

7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში იქმნება სათათბირო ორგანოები - შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობაში არიან: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებათა და საგამოძიებო ნაწილთა უფროსები, პროკურორ-კრიმინალისტები, აფხაზეთისა და აჭარის დედაქალაქების პროკურორები.

9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობას შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიები მოქმედებენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში და უფლებამოსილნი არიან განიხილონ საშემსრულებლო დისციპლინის, პროკურატურის საქმიანობის ცალკეული საკითხები. ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგიის გადაწყვეტილებას  ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.  

11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის. 

 

 

მუხლი 10  ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები

1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურებს ხელმძღვანელობს შესაბამისად ქ. თბილისის ან საოლქო პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 

3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები.

4. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელთაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები,რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.

  5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის. 

 

მუხლი 11 რაიონული (საქალაქო) პროკურატურები

1. რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი პროკურორები, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.

 2. რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 

3. რაიონული (საქალაქო) პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისთვის. 

 

მუხლი 12 პროკურატურის ორგანიზაციის სხვა საკითხები

1. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 7 წლით, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით. 

2. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით. 

            3. ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება ზემდგომისადმი გულისხმობს:

ა) ქვემდგომი პროკურორისათვის ზემდგომის მიერ პროკურატურის ორგანიზაციის და სამიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას; 

ბ)ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;

დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების მიღებული გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან სხვა აქტებით შეცვლას;

 ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას.

ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.

4. გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დააწესოს ქვემდგომი პროკურორების დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.

5. ქვემდგომი პროკურორი ან პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებულია შეასრულოს ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.

 

 

თავი III

პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

 

მუხლი 13. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე. 

 

მუხლი 14. წინასწარი გამოძიება

            პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას.

 

მუხლი 15. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან

          შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების

          საქმიანობისას

1. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგან.

3. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგან.

4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: გენერალურ პროკურორს და მის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს.

 

 

მუხლი 16. ზედამხედველობ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღსრულებისას

 

1.                  კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას პროკურორს უფლება აქვს:

 

ა) ჩაატაროს შემოწმებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღსრულების ადგილებში;

         ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, მხოლოდ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე შევიდეს სპეციალურ სარეჟიმო დაწესებულებაში ნებისმიერ დროს;

გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები. აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს სათანადო ახსნა-განმარტება სპეციალური სარეჟიმო დაწესებულების ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან;

ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

ვ) შეამოწმოს თავისუფლების აღკვეთის ან შეზღუდვის ადგილებში არსებული დისციპლინური სახდელის გამოყენების კანონიერება და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსაც.

 

მუხლი 17. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

1. პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა. პროკურორი ვალდებულია პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ დაუშვას არავითარი უკანონო ჩარევა და ზეგავლენა მართლმსაჯულების განხორციელებაში.

2. პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3.         პროკურორის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის უფლებამოსილება პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციის და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

       

მუხლი 18. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 

 

მუხლი 19. პროკურორი სამოქალაქო სამართალწარმოებაში

 

 სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართავს და მონაწილეობას ღებულობს სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემის საქმეებზე.

 

თავი IV

საპროკურორო აქტები

 

მუხლი 20. საპროკურორო აქტების სისტემა

პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.

 

მუხლი 21. მოთხოვნა

1. პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს:

ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;

ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სპეციალისტების გამოყოფა;

გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.

2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.

3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.

4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.

5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.

6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 22. წარდგინება

1. პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-13–მე-16 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.

2. წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

 

მუხლი 23. პროტესტი

1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის    მე-14 და მე-16 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.

2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:

ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;

გ) დარღვეული უფლების აღდგენა;

დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება. 

3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.

4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.

6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

 

მუხლი 24. დადგენილება

1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და დადგენილი წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, ვის კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

2. პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

 

მუხლი 25. თანხმობა

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი იძლევა წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებებზე. 

 

მუხლი 26. მითითება

1. პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს გამოძიების ორგანოებს.

2. გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.

 

მუხლი 27. საჩივარი

1. პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში, და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ;

ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ.

2. საჩივარი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა. 

 

მუხლი 28. ინფორმაცია

პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 29. საპროკურორო აქტების გასაჩივრება

1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში.

2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

 

თავი V

პროკურატურის პერსონალი

 

მუხლი 30. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და

          პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე  

          დასანიშნ პირ

 

1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ექვსი თვიდან ერთ წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: გენერალური პროკურორი და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა ან გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით;პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლში, სისხლის სამართლის პროცესში, ოპერატიულ-სამძებრო სამართალსა და კრიმინალისტიკაში.

3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 

4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.

5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას, გენერალური პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6. გენერალურ პროკურორად, მის მოადგილედ, გენერალური პროკურატურის აპარატის სტრუქტურის ხელმძღვანელად, აჭარისა და აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკების პროკურორად დ მის მოადგილედ, ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა.

10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.

 

მუხლი 31. პროკურატურის მუშაკის ფიცი

1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას გენერალური პროკურორის წინაშე დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.

2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.

3.  გენერალური პროკურორი ფიცს დებს საქართველოს პარლამენტის წინაშე. 

 

მუხლი 32. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის

          საფუძვლები

პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული პირი;

დ) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძლით დათხოვნილი პირი. 

 

მუხლი 33. პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა

პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატურად შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ვ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას;

თ) შტატების შემცირებისას;

ი) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში;

კ) ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას;

ლ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

მ) ამ კანონის 32-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ნ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ო) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

პ) საპენსიო ასაკის მიღწევისას (ქალები 60 წლიდან, მამაკაცები 65 წლიდან).

თავი VI

პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა

 

მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა

1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

3. პროკურატურის მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები. 

 

მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის

          დაუშვებლობა

პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე

პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა      

1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს გენერალური პროკურორი.

5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;

დ) თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს პროკურატურის მუშაკის განთავისუფლების უფლებამოსილების მქონე პირი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. გენეალური პროკურორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილა პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.

9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია გამოყენებული იქნეს ის დისციპლინური სახდელი, რომლის დადებაც გენერალური პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს.

10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

11. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

12.       დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

13.       პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

14.       პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

15.       პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.

16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. 

 

მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში

          წარმატებისათვის

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

 

 

თავი VII

პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა

 

მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა

1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.

3. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

 

შენიშვნა:         პირს, რომელსაც არ მიუღწევია საპენსიო ასაკისთვის და პირადი განცხადებით დაითხოვენ პროკურატურიდან, უფლება აქვს საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პროკურატურის მუშაკისათვის განკუთვნილი პენსიის 85%, თუ მას აქვს  მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, სამართალდამცავ ორგანოებში  მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, აქედან პროკურატურის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟისა.

 

 

მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან. 

2. პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს იმავე დონის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის ხელფასის 95 %-ზე ნაკლები.

 

მუხლი 41. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური           

          წოდებები

1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.

 

თავი VIII

პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური

უზრუნველყოფა და დაფინანსება

 

მუხლი 42. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური

          უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ გენერალური პროკურორის თანხმობით.

3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4. პროკურატურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.

5. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თავი IX

პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის

სხვა საკითხები

 

მუხლი 43. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება

1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

 

მუხლი 44. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და

          განმასხვავებელი ნიშნები

1. გენერალურ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.

2. გენერალურ პროკურორს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას გადაცემს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე.

4. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.

 

მუხლი 45. სტატისტიკური ანგარიშები

პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესს.

 

მუხლი 46. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობები

პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

 

მუხლი 47. პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და

          საჩივრების განხილვა

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. პროკურატურაში შემოსული ანონიმური გაცხადება არ განიხილება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.

 

 

თავი X

კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

 

მუხლი 48. საპარლამენტო კონტროლი

პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება გენერალური პროკურორის ინფორმაციის მოსმენით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

 

მუხლი 49. საპრეზიდენტო კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პერიოდულად ისმენს გენერალური პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

 

მუხლი 50. სასამართლო კონტროლი

პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 51. სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის კონტროლი

პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

 

        თავი XI

ტერმინთა განმარტება

 

მუხლი 52. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) პროკურორი – გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო), სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის ის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და  გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;

ბ) პროკურატურის გამომძიებელი - განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;

გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე;

დ) პროკურატურის სტაჟიორი – გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ (საქალაქო) და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლისა და გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე სტაჟირებაზე დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

 ე) პროკურატურის მრჩეველი – სწავლული იურისტი ან სასამართლოს, პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოებში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობის მქონე პირი რომელიც ინიშნება გენერალური პროკურორის მიერ მრჩევლად და მის ფუნქციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელება. პროკურატურის მრჩეველი არ არის საჯარო მოსამსახურე, მასზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები. პროკურატურის მრჩეველი სამუშაოდ მიიღება კონტრაქტის საფუძველზე და მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი; 

ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის შტატით გათვალისწინებულ დამხმაე მოსამსახურის თანამდებობაზე.

 

თავი XII

გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 53.

 

რეორგანიზებულ იქნას საქართველოს პროკურატურა და ჩამოყალიბდეს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ჩაითვალოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების უფლებამონაცვლედ.

 

 

თავი XIII

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 54. კანონის ამოქმედება

 

1.                  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                         გიორგი მარგველაშვილი

 

თბილისი,

2015 წლის --- ივლისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                           

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge