ახალგაზრდა ავტორის სკანდალური წიგნი

"ბუტა რობაქიძე",  "აფრასიძეების საქმე", "რეალობა გისოსებს მიღმა", "წერილი პრეზიდენტს!" "მოგონებები ჯოჯოხეთში", "დაკარგული თაობა"...

ეს იმ მოთხრობათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც წაიკითხავთ, ახალგაზრდა ავტორის, კოტე კირვალიძის ახალ წიგნში "შავი ლაქა" .

წიგნი დაიწერა ციხეში, სადაც ავტორი 10 წლიან სასჯელს იხდიდა "მარიხუანის" მოხმარების გამო და მასში აღწერილია ბოლო წლების ციხეების ცხოვრების ის შემზარავი რეალობა და ჯოჯოხეთი, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა ავტორმა და  სხვა ათასობით ადამიანმა საქართველოში.

წიგნი, ზოგადად პროტესტია ყოველგვარი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. შემთხვევითი არ არის "სამართლის სახლის"ლოგო წიგნის გარეკანზე, იმიტომ რომ სწორედ "სამართლის სახლისა" და მისი დამფუძნებელის, მეცენატ -თამაზ ელიზბარაშვილის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გამოდის  წიგნი.

ბევრს აღარ ვისაუბრებთ წიგნზე, მას მალე იხილავს დაინტერესებული მკითხველი, მაგრამ გეტყვით, რომ შესაძლოა, წიგნების ნაწილი გლდანის ციხის პატიმრებს გადაეცეს საჩუქრად, საქველმოქმედო აქციის სახით, ისევ "სამართლის სახლისა" და მეცენატ თამაზ ელიზბარაშვილის  სურვილთა და სახსრებით. წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს წიგნიდან:

 

                ბუტა რობაქიძე

 

("აპატიოს ღმერთმა, ჩვენ არაფერს ვპატიობთ!")

"ტრაგედიის ადგილზე წვიმდა. არა, ისინი ამას "შემთხვევის ადგილს" ეძახდნენ საერთოდ, მაგრამ ეს ტრაგედიის ადგილი იყო, მკვლელობის და არა – შემთხვევის, იმიტომ, რომ იქ, ნაწვიმარი თბილისის ასფალტზე ბუტას ჯერ კიდევ თბილი ცხედარი ესვენა. თბილისში იყო საღამო, იყო წვიმა, მტკვრის მარცხენა სანაპირო და ბუტას ცხედარი. ცხედარს ჯერ კიდევ სისხლი სდიოდა და ეს სისხლის წვეთები ღამის თბილისის წვიმის წვეთებს უერთდებოდა და წითლად ღებავდა. სისხლს ჰქონდა ორმაგად წითელი, ორმაგად მუქი ფერი იმიტომ, რომ ის უდანაშაულო ადამიანის სისხლი იყო. ან, შეიძლება, სისხლს ჰქონდა, უბრალოდ, სისხლის ფერი, ბუტას მეგობრებს კი ასე ეჩვენებოდათ. ბიჭები იწვნენ ნაწვიმარ ასფალტზე, ხელებზე რკინის ბორკილები ედოთ და მკერდით გრძნობდნენ ასფალტის სიცივეს. არსებობს წუთები, წამები, რომლებიც თვეებად, წლებად გეჩვენება ადამიანს. ამ წუთებში ადამიანის გონება რამდენიმე წლის ცხოვრებას გადის, რამდენიმე წლით ბერდება. ალბათ, ასეთი წუთები ედგათ ბიჭებს წვიმიანი ნოემბრის იმ საღამოს.

      – რატომ, რატომ მოკალით ბუტა? – ისმოდა ბუტას მამის შემზარავი ყვირილი ნაწვიმარი ღამის თბილისში. ამ ყვირილს, ამ კითხვას, მტკვარი წაიღებდა, ალბათ, და მერე უკან დააბრუნებდა ბევრჯერ, სანამ პასუხი არ გაეცემოდა მას.

    გავა დრო იმ წვიმიანი ნოემბრის საღამოდან და ბუტას მამის შემზარავ კითხვას – რატომ, რატომ მოკალით ბუტა? – დაემატება:

– რატომ, რატომ მოკალით სანდრო?

– რატომ მოკალით გიორგი?

– რატომ აწამეთ ხალხი?

დაემატება უამრავი "რატომ" და უამრავი ადამიანის "საქმე". საქმე, ეს მათთვის არის "საქმე", ჩვენთვის საქმე კი არა, ეს ცხოვრებაა, ბევრის დანგრეული,  წართეული ცხოვრება და ვინ უნდა გვიპასუხოს ამ კითხვებზე? ვინ, ვინ უნდა უპასუხოს ბუტას მამის შემზარავ კითხვას: "რატომ, რატომ მოკალით ბუტა?"

2004 წლის 24 ნოემბერს, ღამით, მანქანაში ჩაცხრილულ იქნა ბუტა რობაქიძე – პირველი გახმაურებული მსხვერპლი რეჟიმის. ბუტას ოჯახი და ბუტას მამა, ამირან რობაქიძე, დღემდე ამაოდ იბრძვის სიმართლის დასადგენად, დღემდე მხრებს იჩეჩს ხალხი.

       "აპატიოს ღმერთმა, ჩვენ არაფერს ვპატიობთ!" – მოვისმინე ციხეში ერთხელ საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებისგან. და, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ "აპატიოს ღმერთმა, ჩვენ არაფერს ვპატიობთ!"...

2004 წელი იყო. 24 ნოემბერი. იყო საღამო, წვიმიანი საღამო. იყო თბილისი, ღამის თბილისი და თბილისის წვიმა.

ისევ მიედინებოდა მტკვარი თავის სანაპიროებს შორის. სანაპიროებს ისევ მიუყვებოდა მანქანების მწკრივი ორივე მხრიდან. ზოგს სახლში მიეჩქარებოდა, ზოგს ქალაქგარეთ, ზოგიც, უბრალოდ, სეირნობდა ღამის ქალაქში. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც იმ გასროლამდე 5 წუთით ადრე: ვიყავით მე, შენ, იყვნენ "ისინიც". ვიყავით ყველა, ისევ ისე, როგორც ვიყავით, უბრალოდ, აღარ იყო ბუტა. და მტკვარს მიჰქონდა, ალბათ, ბუტას მამის შემზარავი ყვირილი: "რატომ, რატომ მოკალით ბუტა?" მიჰქონდა, რათა შემდეგ იმდენჯერ დაებრუნებინა უკან, სანამ პასუხი არ გაეცემოდა მას.

 

მე კი ისევ იმ მკაცრ, შეიძლება სამართლიან, სიტყვებზეც ვფიქრობ ახლა, რომელიც კარგად გამოხატავს ადამიანის ბუნებას: "აპატიოს ღმერთმა, ჩვენ არაფერს ვპატიობთ!"

თბილისში წვიმდა (90-იანებიდან „ვარდების რევოლუციამდე“)

                              

თბილისში ისევ წვიმდა, ხალხს ქუჩებში ისევ ეცვათ შავები და  ისევ ოცნებობდნენ სხვა, ნანატრ ქვეყნებში გაქცევაზე. გარბოდნენ და შემდეგ მუდამ ტკივილამდე ენატრებოდათ მის მზიან ქუჩებში, უბრალოდ, გავლა. გარბოდნენ არა იმიტომ,  რომ თბილისი არ უყვარდათ, არა, პირიქით – უყვარდათ და ყოველთვის იამაყებდნენ თბილისელობით. უბრალოდ, თბილისელობა და, ზოგადად, ქართველობა ძალიან ძნელი იყო მაშინ.

                   

 

          ხაზები თვალების უპეებთან

(თვეში ერთხელ, ერთი საათით)

 

"საყვარელო, სამი წელი გამიხდა გუშინ უშენოდ ყოფნის. სამჯერ ვილოცე შენ სახელზე გუშინ, სამჯერ ვთხოვე უფალს, რომ  ბოლო წელი ყოფილიყო უშენობის. სამჯერ დავწყევლე ეს სამიათასჯერ დაწყევლილი ადგილი და 300-ჯერ გინატრე შენ.

შენ იცი, მე ციფრები არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა, იძულებული ვარ, ყოველდღე გამოვთვალო, თუ რამდენი წელი, თვე, დღე და რამდენი საათი მაშორებს შენს თავს. ბოლოს ვხვდები, რომ ეს ციფრები, რაც გინდა დიდი იყოს, არაფერია… არაფერია არც ის კედლები, საფლავის ქვებივით რომ დაგვყურებენ თავზე ჩვენ, ცოცხლად დამარხულებს... არაფერია, თუკი ყოველდღე ვიღაც ნაძირლები გვცემენ, სულში გვაფურთხებენ. არაფერია, რადგან ასეთ წუთებში უფრო მეტად ვგრძნობ, უფალი ჩვენთანაა და ჯალათებისგან გარტყმული ყოველი სილა უფრო მეტად გვაახლოვებს მასთან..."

               

                                                                                                        კოტე კირვალიძე.

 

                                                                                           გლდანის N-8 საპყრობილე.

პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge