უზენაეს სასამართლოში განჩინების დასაბუთებულობის ახალი სტანდარტები შემოდის

უზენაეს სასამართლოში განჩინების დასაბუთებულობის ახალი სტანდარტები შემოდის. ამასთნ  დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, უკვე მომზადდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა მომზადების დროს გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება.

რას გულისხმობს ახალი რეგულაციები და რა ცვლილებები იგეგმება,“ სამოქალაქო პრესა“ კომისიის მდივანს ბადრი ნიპარიშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მოსამართლეებისათვის ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო წინადადებები  და მას არ ექნება სავალდებულო ძალა, თუმცა მათი გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება ხელშესახებად ამაღლდეს განაჩენის დასაბუთების ხარისხი.

დოკუმენტი, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ არ შექმნილა, მოსამართლეებს საშუალებას მისცემს განაჩენი უფრო სრულყოფილად და კონკრეტულად დაასაბუთონ. ამ მიზნით კომისიამ სისტემურად და კომპლექსურად დაამუშავა ეს პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც მომზადდა სახელმძღვანელო წინადადებები, რომლებიც მოიცავს განაჩენის დასაბუთების ყველა ასპექტს.

„განაჩენის ახალი ფორმები, მტკიცებულებების უკეთ გამოყენება, გაანალიზება და შეფასება, სასჯელის დასაბუთება, განაჩენის ტექსტის სტილისტიკური გამართულობა და საბოლოო ჯამში განაჩენის დასაბუთების მაღალი სტანდარტი“, – კომისია, რომელიც თებერვლის ბოლოსათვის დაასრულებს მუშაობას სწორედ ამ საკითხებს შეეხება.

კომისიის მდივნის ბადრი ნიპარიშვილის განცხადებით, უკვე შემუშავებულია წესები, თუ როგორ უნდა გახდეს განაჩენი უკეთ დასაბუთებული.

„გარდა ამისა კომისიამ შეიმუშავა განაჩენის ახალი ფორმები, რომლის მიხედვით მოხდება დანაშაულის ნიშნების/ელემენტების ცალ-ცალკე გამოკვეთა და მათზე მსჯელობა, რაც განაჩენის დასაბუთების საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს, როგორც ევროპულ ქვეყნებში, ისე აშშ-ში.

“ჩვენი ინიციატივაა თითოეული მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები შეფასდეს ცალ-ცალკე, სწორედ ამ ელემენტების მიხედვით და უტყუარობის, სანდოობისა და რელევანტურობის (შემხებლობის) პრინციპების საფუძველზე და არა იმგვარად, რომ მტკიცებულებათა შინაარსი, მაგალითად მოწმის ჩვენება პირდაპირ, მთლიანად იქნეს განაჩენში გადმოტანილი.“ – განაცხადა „სამოქალაქო პრესასთან“ ბადრი ნიპარიშვილმა.

განაჩენის აღნიშნული ფორმა ჯერ კიდევ გასულ წლებში აპრობირებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების მიერ, 2014 წლიდან კი პირველი ინსტანციის სასამართლოებში და განაჩენის ფორმის შემოთავაზებულ ვერსიას უკვე იყენებს რამდენიმე მოსამართლე.

ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების, მეცნიერებისა და იურისტების განცხადებით, განაჩენის აღნიშნული ფორმა ყველაზე ეფექტური მაჩვენებლით ხასიათდება და წინგადადგმული ნაბიჯია განაჩენის დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

როგორც კომისიაში განმარტავენ ამგვარი ფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა ისიც, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ჩვენი საზოგადოების არაიურისტი წევრებიც მარტივად გაიგებენ, თუ რატომ მივიდა მოსამართლე შესაბამის საქმეში კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, რატომ გაამართლა ან გაამტყუნა ბრალდებული.

უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილი კომისიის ფარგლებში შემუშავებული ახალი რეგულაციები ნაწილობრივ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტსაც შეეხება. როგორც „სამოქალაქო პრესასთან“ ბადრი ნიპარიშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვერდიქტი მსაჯულების მიერ არ საბუთდება, სასჯელს მოსამართლე ნიშნავს, რა დროსაც მას საშუალება ექნება წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე უკეთ დაასაბუთოს სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის გამოყენება.

აღნიშნული სახელმძღვანელო წინადადებები შეეხება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დასაბუთებას და ისინი მოსამართლეების მიერ გამოყენებულ იქნება მიმდინარე საქმეებზე განაჩენის გამოტანისას.

სახელმძღვანელო წინადადებები ასევე მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს განაჩენის დასაბუთების თაობაზე, ვინაიდან მოსამართლეები სულ უფრო ხშირად იყენებენ თავიანთ გადაწყვეტილებებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სიახლეები
 
ახალგაზრდა ავტორის სკანდალური წიგნი
 
საქველმოქმედო აქცია თამაზ ელიზბარაშვილისა და "სამართლის სახლის" ორგანიზებით.
 
ხელი მოეწერა კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულებას შპს "ხის სახლი"-თან
 
,,საგადასახადო კოდექსში“ შესული ახალი ნორმები 1 იანვრიდან ამოქმედდა
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge