სამართლის სახლის დირექტორის ინტერვიუ

ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, გამოირჩევა იმ ზღვარგადასული თავხედური ქმედებიბსგან, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. 2006 წლის ზაფხული იდგა. იმ პერიოდში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, ხოლო ბორჯომის რაიონის გამგებელი გია ტალახაძე ბრძანდებოდნენ. ბორჯომის ცენტრში ბაზარი მდებარეობდა, რომელიც ასპროცენტიანი წილით 6 კერძო პირზე ომარ სუდაძეზე, დავით ჩადუნელზე, თეიმურაზ დათუნაშვილზე, მარიამ დევდარიანზე, ნუნუ მარტინენკოზე და მამუკა კაპანაძეზე  გახლდათ გასხვისებული და მშვიდობიანად შრომობდნენ ვიდრე აღნიშნული შენობა თვით გუბერნატორ გოგა ხაჩიძეს არ მოეწონა. შემოთავაზებამაც არ დააყოვნა

რა შესთავაზა მფლობელებს ხაჩიძემ?

სიმართლე უნდა ითქვას, თავდაპირველად მფლობელებს ქონების დათმობა კი არა გაცვლა შესთავაზეს და სხვა ფართებზე მიანიშნეს. იმათაც რა ექნათ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, მაგრამ როცა შეიტყვეს, რომ 3500- ის ნაცვლად, 1800- მდე კვადრატულ მეტრს უნდა დაყაბულებიყვნენ, თავიანთი უკმაყოფილება მოკრძალებით შეატყობინეს გამგებელ გია ტალახაძეს, რომელმაც ამბავი გუბერნატორ გოგა ხაჩიძემდე მიიტანა. ხაჩიძემ ბაზრის მფლობელთა ჭირვეულობა იუკადრისა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ 2006 წლის 8 აგვისტოს ბორჯომის ცენტრში, დღისით- მზისით ჩატარდა სპეცოპერაცია. სამ მეწილეს - ომარ სუდაძეს, დავით ჩადუნელს და თეიმურაზ დათუნაშვილს, რომელთან წილის საერთო რაოდენობის ორი მესამედი ეკუთვნოდათ, ხელბორკილები დაადეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაბრძანეს.

კი მაგრამ ბრალად რა წაუყენეს?

ოფიციალური საბუთები, თაღლითურ გარიგებაში მონაწილეობას აბრალებდნენ, რა თქმა უნდა, ბრალი გამოგონილი და შეთითხნილი იყო. დაკავებულებმა კარგად იცოდნენ, რის გამო მოხდა მათზე ზეწოლა. მართლაც იზოლატორში მათ პირდაპირ წაუყენეს ულტიმატუმი- ან დათმობთ თქვენს წილს და ბაზარს სახელმწიფოს ჩააბარებთ, ან 10-12 წლით ოჯახებს დაემშვიდობეთ და ციხისთვის გაემზადეთ, საკუთრებას კი მაინც წაგართმევთო, მოგეხსენებათ, რა განუკითხაობა იყო მაშინ... ჰოდა, ამ დაკავებულებსაც, რაღა უნდა ექნათ, თავისუფლების სანაცვლოდ, წილის დათმობაზე თანხმობა განაცხადეს.

წილების გადაფორმება როგორ მოხდა? ძალადობა როგორ შენიღბეს?

-საქმეც მაგაშია, რომ შენიღბვით თავი  არავის შეუწუხებია და გადაფორმება ცინიკურ ვითარებაშუ მოხდა! 8 აგვისტოს დაკავებული ეს 3 ადამიანი 10 აგვისტოს, თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პირდაპირ ნოტარიუს ციური ბერიძესთან მიჰყავთ, სადაც ხდება დაუჯერებელი მოვლენა: ნოტარიუსის თვალწინ შემოჰყავთ 3 ხელბორკილიანი პატიმარი, ხსნიან ხელბორკილებს. დანარჩენი სამნიც იქვე არიან. დგება პარტნიორთა სხდომის ოქმი. პატიმრები ხელმოწერით აფიქსირებენ წილის სახელმწიფოსთვის გადაცემას, დანარჩენი მეწილეებიც იმავეს აკეთებენ. აი ასეთი ფორმით შედგენილი დოკუმენტი შემდგომ ხდება საფუძველი, ეკონომიკის სამინისტროსთვის ამ ობიექტის გადასაცემად და სახელმწიფო საკუთრებაში მოსაქცევად! აქვე უნდა გითხრათ, რომ იმ შენობის მეორე-მესამე სართულებზე დღემდე რაიონის გამგეობაა განთავსებული!

პატიმრებს რა ბედი ეწიათ?

როგორც კი ჩუქების აქტი კანონიერ ძალაში შევიდა, პატიმრები გაათავისუფლეს, თუმცა, მათ ის კონპენსაციაც არ მისცეს, რომელსაც ადრე პირდებოდნენ 1800-მდე კვადრატული მეტრი ფართის სახით. ფაქტობრივად, ეს ხალხი სასტიკად დაისაჯა გუბერნატორისთვის შეკადრებული უარის გამო. დანარჩენი 3 ადამიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიანთი კუთვნილი წილი, რომელიც საერთო რაოდენობის ერთ მესამედს შეადგენდა, უანგაროდ დათმეს პატიმრების გათავისუფლების მიზნით

ბატონო ბეჟან, ახალმა ხელისუფლებამ ეს საქმე არ გამოიძია?

ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ქონებაწართმეულებმა მთავარ პროკურორს მიმართეს, რომელმაც თავის მხრივ, საქმის გამოძიება ახალციხის სამხარეო პროკურატურას დაავალა. საქმეს საოლქო პროკურატურის გამომძიებელი თეიმურაზ გურამიშვილი იძიებდა. დაკითხულნი არიან სხვადასხვა პირები, გამოკვეთილია ამ უპრეცედენტო ძალადობის აქტი, თუმცა, უკვე ნახევარი წელია, გამოძიება რატომღაც გაიყინა... ჩვენ ვიცით, რომ დაკითხულთა გამგებელი გია ტალახაძე, რომელიც ადასტურებს ძალადობის გარემოებას, დაკითხულია ნოტარიუსი. იმის თქმა მინდა, რომ საქმე, ფაქტობრივად, გამოძიებულია და საბოლოოდ გასახსნელად მხოლოდ კეთილი ნების გამოჩენაა საჭირო. სამი დაზარალებული: ომარ სუდაძე, დავით ჩადუნელი, თეიმურაზ დათუნაშვილი მიუთითებენ, რომ მათთვის ქონების წართმევა უშალოდ გუბერნატორ გოგა ხაჩიძის მიერ ხდებოდა, დეტალებზეც საუბრობენ, როგორ უბრძანა ხაჩიძემ გია ტალახაძეს, გვერდზე გაწეულიყო და ამ საქმეს თავად მოაგვარებდა. სხვათაშორის, ეს სწორედ ის ომარ სუდაძეა რომელსაც თიბისი ბანკისთვის ჰქონდა ფართი მიქირავებული. ეს ფართი მას უანგაროდ აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის, რომლისგანაც მამუკა ხაზარაძემ მერე შეისყიდა. ფაქტის შესწავლას ვაწარმოებთ და ახლო მომავალში ამ დანაშაულების შესახებაც წარმოგიდგენთ მასალებს. გოგა ხაჩიძე ამჟამად პარლამენტარია. მისი უკბილო ხუმრობები, ცინიკური დამოკიდებულებები მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების მიმართ ყველასთვის ცნობილია. მაინტერესებს რატომ აძლევენ მას ასეთი თავხედობის უფლებას და პროკურატურა რატომ ვერ ბედავს მისთვის კითხვების დასმას? უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, მაგრამ როგორც მინიმუმ, გოგა ხაჩიძე დასაკითხია, რადგან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და ჩემი აზრით, მას გონებამახვილური ხუმრობებისა და ანგლობისთვის არ უნდა ეცალოს! ხაჩიძე ვალდებულია, გამოძიებას განუმარტოს, რა უფლებით წყვეტდა ქონებრივ საკითხებს, თავი ახალციხის ფაშა ხომ არ ეგონა? რატომ ვერ მიდის წინ საქმის გამოძიება, რასთან გვაქვს საქმე, პროკურატურის ელემენტარულ უვიცობასთან თუ მათივე მხრიდან საბოტაჟთან ან კოჰაბიტაციის ფარგლებში დანაშაულზე ხელის დაფარებასთან?

 

 

სიახლეები
 
თბილისის სააპელაციო სასამართომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
 
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "აგრესიული ომის" დეფინიცია იცვლება
 
სამართლის სახლის დირექტორის ინტერვიუ
 
ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge