სამართლის სახლის დირექტორის ინტერვიუ

-ცნობილია, რომ სააკაშვილის მიერ მოქალაქეებისთვის წართმეული ქონება ძირითადად ორი მიმართულებით გადანაწილდა. ქონების ერთი ნაწილი უკვე შეიძინეს ე.წ. ,,კეთილსინდისიერმა მყიდველებმა’’, რომლებიც, ძირითადად, ყოფილი რეჟიმის ჩინოვნიკები ან მათი ნათესავ-მეგობრები ბრძანდებიან. შეძენის პერიპეტიები სამართლებრივად რომ გაირჩეს, ისინი სულაც არ აღმოჩნდებიან „კეთილსინდისიერები“. სწორედ ამ კატეგორიას მოუწოდა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოში საქმის განხილვის გარეშე დაებრუნებინათ სახელმწიფოსგან უკანონოდ შეძენილი ქონება ნამდვილი პატრონებისთვის. მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების ნაწილი კი, დღემდე რჩება სახელმწიფოს, ძირითადად- ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში, რადგან რეჟიმმა მათი გასხვისება ვერ მოასწრო. რა თქმა უნდა, მომავალი პრემიერ-მინისტრის მიერ გამოხატული ნება სახელმწიფო ინსტიტუტებზეც უნდა გავრცელებულიყო. ისინი გაცილებით მარტივად შეძლებდნენ კანონიერი მფლობელებისათვის ქონების დაბრუნებას, ვიდრე „კეთილსინდისიერი მყიდველები“. პარადოქსია, როცა, სწორედ, სახელმწიფო უწყებების ჩინოვნიკები გააფთრებით ეწინააღმდეგებიან სამართლიანობის აღდგენას და ქონების ნამდვილი პატრონებისთვის დაბრუნებას.

ბატონო ბეჟან, საერთოდ, რამდენად დამაჯერებელია, რომ მოსახლეობას მასობრივად ჰქონდა სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების სურვილი?

რა თქმა უნდა ეს აბსურდია და სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. 2003-2012 წლებში ათასობით ადამიანისგან სახელმწიფოსთვის ქონების (ბინა, მანქანა, ნაკვეთი და სხვა) ჩუქების ფაქტი ფიქსირდება; მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ერთ ადამიანსაც არ მოუსურვებია იგივე გაეკეთებინა. უკვე ცხადია, რომ გარკვეული ბერკეტებით მოსახლეობის იძულებას ჰქონდა ადგილი. სხვათაშორის, პირის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მეთოდებით იძულება- საკუთარი ნების წინააღმდეგ შეასრულოს რაიმე ქმედება- დანაშაულის ფარგლებში განიხილება და დასჯადია. შეუძლებელია, რომ ციხეში მყოფი პატიმრის მეუღლემ, რომელიც ისედაც შეჭირვებული და სახელმწიფოზე განაწყენებულია, ნებით აჩუქოს სახელმწიფოს თავისი ქონება!

კონკრეტულ მაგალითებს ხომ არ შეახსენებთ მკითხველს?

მაგალითად მარინე რუაძის, მარინე მამაცაშვილის და ვალერიან კევლიშვილის საქმეების იკმარებს. რუაძის და მამაცაშვილის საქმეები თითქმის იდენტურია. ამ ქალბატონებს მეუღლეები დაუპატიმრა რეჟიმმა. ორივე მარინე ერთსა და იმავე დროს, ეკონომიკის სამინისტროში გამოცხადდნენ, რადგან „სურვილი გაუჩნდათ“, პირადი გაჭირვების მიუხედავად, სახემწიფოსთვის 3 ბინა „ეჩუქებინათ!“ რუაძის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი 2 ბინით ამჟამად თავდაცვის სამინისტრო სარგებლობს, მამაცაშვილის ბინა კი მთავარ პროკურატურას ეკუთვნის. გაითვალისწინეთ, რომ მარინე რუაძეს სახელმწიფოსთვის ბინების ჩუქების მომენტში 2 წლის ბავშვი ყავდა და ჩუქების შემდეგ ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან თავზე ჭერი აღარ შერჩა! რომელი ჭკუათმყოფელი მოიქცევა ამგვარად, იძულების და შანტაჟის გარეშე? რაც შეეხება ვალერიან კევლიშვილს, ის დააპატიმრეს და აიძულეს, მეუღლისთვის მინდობილობა მიეცა, რომელმაც ბინა სახელმწიფოს აჩუქა! ბინის გადაფორმებიდან მეორე დღესვე ვალერი კევლიშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს, ხოლო სახელმწიფოსთვის „ნაჩუქარი“ ბინა კევლიშვილის გამომძიებლის მფლობელობაში აღმოჩნდა! ანუ ისე გამოვიდა, რომ ბრალის შემთითხვნელი გამომძიებელი სახელმწიფომ მისი მსხვერპლის ბინის ჩუქებით დააჯილდოვა! აღნიშნულ საქმეებს ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა იურისტი ელისო მემანიშვილი კურირებს. ჩვენ განცხადებით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს (რადგან „ჩუქების“ გზით წართმეულმა ქონებამ ძირითად, თავი  სწორედ ამ უწყებაში მოიყარა) , ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნების შესაბამისად, წართმეული ქონება ნამდვილი პატრონებისთვის დაებრუნებინათ,თუმცა ირკვევა რომ ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლების დასახულ სამართიანობის აღდგენის კურსს მკვეთრად ეწინააღმდეგება, სააკაშვილის რეჟმის მიერ ამ მოქალაქეებისთვის ქონების წართმევას ამართლებს და „აპრავებს“ კიდეც!

რა გაძლევთ ასეთ მკვეთრი განცხადების საფუძველს?

ნინო მამულაშვილი (მარინე მამაცაშვილის საქმეზე) და მიხეილ ტყეშელაშვილი (ვალერიან კევლიშვილის საქმეზე) ეკონომიკის სამინისტროს სახელით თავხედურად გვპასუხობენ, რომ მეუღლის პატიმრობა არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რათა ცოლებმა სახლიმწიფოსთვის ქონების ჩუქების იძულებაზე ილაპარაკონ. ამგვარად, აღნიშნული ჩინოვნიკები ზნეობასაც გვერდს უვლიან და იმ ფაქტსაც, რომ ბინების სახელმწიფოსთვის ჩუქების გზით ცოლებმა პატიმარი ქმრების თავისუფლება იყიდეს! ძალიან ცუდია, თუ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვერ აკონტროლებს ნინო მამულაშვილის, მიხეილ ტყეშელაშვილის და მათი მსგავსი ჩინოვნიკების თავგასულობას. უარესია თუ აკონტროლებს და ამ ჩინოვნიკების პოზიციას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, უკვე მინისტრი კვირიკაშვილი უნდა მივიჩნიოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის მუხრუჭად. ან, იქნებ ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება და სამართლიანობის აღდგენას აღარ აპირებს? როგორღა მოსთხოვს სახემწიფო კერძო პირებს დაზარალებულებისთვის ქონების ნებით დაბრუნებას, თუ თავად იქცევა ამგვარად? ჩნდება პერსპექტივა ხალხმა რწმენა დაკარგოს, თავად დაიწყოს წართმეული ქონების დაბრუნება და მოძალადეებისთვის ქუჩაში ანგარიშის გასწორება!

კანონი მაინც თუ გვიწყობს ხელს წართმეული ქონების დაბრუნებაში?


პირიქით სააკაშვილის რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის არსებული სახით ფორმირება დიდი უსამართობის საფუძველია. ვთქვათ, მოქალაქე ჩივის, რომ მას დანაშაულებრივად, თაღლითრად ან შანტაჟის გზით წაართვეს ქონება... მოძალადეს თუ დაუმტკიცდა, ციხეში დაამწყვდევენ, წართმეული ქონებაც ჩამოერთმევა, ოღონდ ის ნამდვილ მფლობელს კი არ დაუბრუნდება, სახელმწიფოს გადაეცემა. დაზარალებულს რჩება უფლება, სამოქალაქო წესით ედავოს უკვე ციხეში მყოფ მოძალადეს, თუმცა, ამ უკანასკნელს, სურვილის რომ ჰქონდეს, კომპენსაციის გადახდას მაინც ვერ შეძლებს, რადგან მისი ქონება კონფისკებულია. ამ დრაკონული მუხლის გაუქმება ან გადაკეთება ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია!

სიახლეები
 
სამართლის სახლის ექსპერტის მოხსენება მაქს-პლანკის ინსტიტუტში
 
ხელი მოეწერა კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულებას შპს "სმარტ დისტრიბუშენ"-თან
 
ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
 
უზენაეს სასამართლოში განჩინების დასაბუთებულობის ახალი სტანდარტები შემოდის
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge